понедельник, 13 марта 2017 г.

უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილი

     უცხო ენის ასათვისებლად უამრავი ელემენტია გასათვალისწინებელი. ადრე უცხო ენის გაკვეთილის მიზანი გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების თარგმნა იყო. დღეს უცხო ენის გაკვეთილის მიზანს შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა წარმოადგენს. ენის ათვისება ხდება შინაარსზე ორიენტირებული დისკუსიებისა და კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი დავალებების გზით. დღეს უცხო ენის სწავლების ძირითად მიზანია მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  მოსწავლემ რომ შეძლოს კომუნიკაციის დამყარება, მას უნდა გამოუმუშავდეს შემდეგი უნარები:

  • მოსმენა
  • ლაპარაკი
  • კითხვა
  • წერა
   ენობრივი ქმედებისათვის მოსწავლეებს სჭირდებათ გარკვეული რაოდენობის ლექსიკა, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნა, წსორი საწარმოთქმო და ორთოგრაფიული უნარების ფლობა. ენა რომ შეისწავლოს, მოსწავლე უნდა დაეუფლოს შემდეგ ასპექტებს:
ლექსიკა, გრამატიკა, წარმოთქმა და ინტონაცია, მართლწერა.
   მასწავლებელმა ეს ელემენტები უნდა მიაწოდოს  მოსწავლეს ინტეგრირებულად, რამდენადაც კომუნიკაციაში ყველა ეს ელემენტი თანაბრად მონაწილეობს. კომუნიკაცია  კი  თანამედროვე გაკვეთილის მიზანია. წარმატებლი კომუნიკაციის დასამყარებლად მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
უცხო კულტურის აღქმა;
ამ კულტურის თავისებურებების სწორად შეფასება;
განსხვავებული კულტურის სათანადოდ დაფასება.
თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მნიშვნელოვანი პრინციპების ჩამონათვალი:
✤სამეტყველო აქტივობების ერთდროული განვითარება;
✤ენა, როგორც საკომუნიკაციო საშუალება ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში;
✤გრამატიკა, როგორც მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება და არა მიზანი;
✤მშობლიური ენა, როგორც მასალის გაგებისა და ათვისების ხელშემწყობი საშუალება;
✤მრავალენოვნება უცხო ენის გაკვეთილზე, სადაც სხვა უცხო ენების ცოდნა შესასწავლი ენის უკეთესად გაგება/ათვისებაში გამოიყენება;
✤მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება (სამიზნე ჯგუფის კულტურის, მენტალიტეტის, ინტერესების გათვალისწინება);
✤არა მხოლოდ ფაქტების ცოდნა, არამედ უცხო კულტურის გამოცდილების დიფერენცირებული აღქმა;
✤ავთენტური ტექსტების მნიშვნელობა; 
✤დავალებათა ტიპები, რომლებიც მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების, კრეატიულობის განვითარებას ემსახურება;
მედია-საშუალებების როლი ენის სწავლებაში და სწავლების სხვადასხვა სოციალური ფორმის შეტანა გაკვეთილზე;
✤გაკვეთილის პერსონალიზება, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, იმოქმედოს როგორც ინდივიდმა – უცხო ენის გაკვეთილზე ისაუბროს საკუთარ თავზე და არა სხვაზე;
✤ინტერაქტიული დავალებები, სადაც ყველა მოსწავლე თანაბრად აქტიურია და რომლებიც არა ენობრივ ფორმაზე, არამედ შინაარსზეა ორიენტირებული;
✤დავალებათა დიფერენცირებული შერჩევა – დავალებები, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც დაბალი, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის;
✤ავტონომიური სწავლების ხელშეწყობა, რომლის მიხედვითაც ენის შემსწავლელი ეუფლება იმ ძირითად სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომლებიც მას დამოუკიდებლად მუშაობისას დაეხმარება და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий